“მიხეილ სააკაშვილი ათამდე სპეცრაზმელმა წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევით მიიყვანეს გლდანის 18, სამკურნალო დაწესებულებაში და იძულებით მოათავსეს პალატაში,” – ეს არის ინფორმაცია, რომელიც მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა ადვოკატებს მიაწოდა. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის ინფორმაციით, სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს საკუთარი ნებით მას შემდეგ გაჰყვა, რაც მას მოატყუეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.
გლდანის ციხეში მოტყუებით გადაყვანაზე სოციალურ ქსელში თავად მიხეილ სააკაშვილის წერილიც ვრცელდება. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი წერს, რომ მანქანიდან გადმოათრიეს, რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში, ითრიეს თმებით და ამ დროს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია. წერილში ნათქვამია, რომ მან ნამდვილად გაკრა პალატაში ხელი ანალიზატორს, რადგან ნემსის გაკეთება მისი ნებართვის გარეშე დაიწყეს. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მუდმივად ესმის კრიმინალების შეძახილის ხმა.
“მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი და გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან და პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც ატეხეს დიდი ჟრიამული და არ შეწყვეტილა ეს ჟრიამული ამ წუთამდე, ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელმა მუშაკმა გამომიცხადა, „აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში?!“ და გინებაც მოაყოლა. მე მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა, უარი მითხრეს თქმაზე. შემდეგ გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა, მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით და რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა. ისევე როგორც პალატაში, სადაც რაღაც გაურკვეველი შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი, იმიტომ, რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ ძალადობის და შეურაცხყოფის შემდეგ, აღელვებით. ყველა იქცეოდა როგორც ნამდვილი კრიმინალი, ჩემს საკანში მუდმივად ისმის კრიმინალების შეძახილის ხმა,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო.
ადვოკატები მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობენ და მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტზე ანგარიშსწორებას და მის ლიკვიდაციას არ გამორიცხავენ. ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მისულ ადვოკატებს გლდანის ციხეში მყოფმა პატიმრებმა ობსტრუქცია მოუწყვეს.
ადვოკატებისთვის გაუგებარია ისიც, რამდენად შეძლებენ მესამე პრეზიდენტის მკურნალობას გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს დაადასტურა, რომ ციხის კლინიკა, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი არ არის. თუმცა, თამარ გაბუნია ირწმუნება, რომ დაწესებულებაში ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობაა და რეანიმაციის ბრიგადაც მობილიზებულია.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას. ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრს და პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.
გლდანის ციხეში უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო მივიდა. თქვა, რომ დაწესებულებაში შესასვლელად მას ყველა დოკუმენტი მწყობრში აქვს, თუმცა ამ დრომდე პენიტენციური სამსახური სააკაშვილთან შესვლის საშუალებას არ აძლევს.
ხვალ მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, თუმცა ამ დრომდე უცნობია მიეცემა თუ არა მსჯავრდებულს საკუთარ პროცესზე დასწრების საშუალება. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ დააფიქსირა, რომ პროცესი საქალაქო სასამართლოში უნდა შედგეს.
მესამე პრეზიდენტი რუსთავის მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გუშინ ისე გამოიყვანეს, რომ არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს ინფორმაცია არ ჰქონიათ. მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი ერთი საათის განმავლობაში უცნობი იყო. მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ მსჯავრდებული გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გადაწყვეტილება კი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე მიიღეს. თუმცა სააკაშვილი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს და კერძო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხობს.