“მიხეილ სააკაშვილი 10-მდე სპეცრაზმელმა წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევით მიიყვანეს გლდანის 18, სამკურნალო დაწესებულებაში და იძულებით მოათავსეს პალატაში” – ეს არის ინფორმაცია, რომელიც მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა ადვოკატებს მიაწოდა. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის ინფორმაციით, სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს საკუთარი ნებით მას შემდეგ გაჰყვა, რაც მას მოატყუეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.
გლდანის ციხეში მოტყუებით გადაყვანაზე სოციალურ ქსელში თავად მიხეილ სააკაშვილის წერილიც ვრცელდება. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი წერს, რომ მანქანიდან გადმოათრიეს, რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში, ითრიეს თმებით და ამ დროს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია. წერილში ნათქვამია, რომ მან ნამდვილად გაკრა პალატაში ხელი ანალიზატორს, რადგან ნემსის გაკეთება მისი ნებართვის გარეშე დაიწყეს. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მუდმივად ესმის კრიმინალების შეძახილის ხმა.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება უკვე დაიწყო.
ადვოკატები მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოებასტან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობენ და მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტზე ანგარიშსწორებას და მის ლიკვიდაციას არ გამორიცხავენ. ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მისულ ადვოკატებს გლდანის ციხეში მყოფმა პატიმრებმა ობსტრუქცია მოუწყვეს.
ადვოკატებისთვის გაუგებარია ისიც, რამდენად შეძლებენ მესამე პრეზიდენტის მკურნალობას გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს დაადასტურა, რომ ციხის კლინიკა, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი არ არის. თუმცა, თამარ გაბუნია ირწმუნება, რომ დაწესებულებაში ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობაა და რეანიმაციის ბრიგადაც მობილიზებულია.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას. ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრს და პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.
ხვალ მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, თუმცა ამ დრომდე უცნობია მიეცემა თუ არა მსჯავრდებულს საკუთარ პროცესზე დასწრების საშუალება. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ დააფიქსირა, რომ პროცესი საქალაქო სასამართლოში უნდა შედგეს.
მესამე პრეზიდენტი რუსთავის მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გუშინ ისე გამოიყვანეს, რომ არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს ინფორმაცია არ ჰქონიათ. მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი ერთი საათის განმავლობაში უცნობი იყო. მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ მსჯავრდებული გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გადაწყვეტილება კი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე მიიღეს. თუმცა, სააკაშვილი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს და კერძო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს.