ახალი პოლიტიკური გზავნილი 320-ე საკნიდან. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მისი ციხიდან დახსნის პირობებში, მაქსიმუმ ათ დღეში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მიაღწევს. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გზავნილი ჟურნალისტებს ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა გააცნო. სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს უნდობლობას უცხადებს. ექსპრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს და მათ მხარდამჭერებს პროცესების ქუჩაში გადატანისკენ მოუწოდებს.
დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 33-ე დღეა. ადვოკატების ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის სისუსტე გუშინდელთან შედარებით დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა.
320-ე საკანში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, შიმშილობის პერიოდში, სამედიცინო დახმარება უკვე რამდენჯერმე დასჭირდა. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება და აუცილებელია ის კერძო კლინიკაში დროულად გადაიყვანონ. თუმცა ხელისუფლება პოზიციას არ იცვლის. უფრო მეტიც, “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ისევ არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს. ირაკლი კობახიძე პატიმარ პრეზიდენტზე კვლავ ცინიკურად საუბრობს და ამბობს, რომ სააკაშვილი ლიმონათს სვამს.
სულ მალე, 10 ნოემბერს, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, თუმცა შეძლებს თუ არა მოშიმშილე სააკაშვილი საკუთარ პროცესზე დასწრებას-ამ ეტაპზე უცნობია.