ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ ცვლის და მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს მკურნალობას მხოლოდ მე-18 დაწესებულებაში სთავაზობს. იუსტიციის მინისტრი ირწმუნება,რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მისაღებად, სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულება მზად არის და ეჭვები საკითხთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
სამკურნალო დაწესებულება, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს სთავაზოვს, სახალხო დამცველის აპარატმა შეამოწმა. ომბუდსმენის განცხადების თანახმად, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი.
იუსტიციის სამინისტროს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ადანაშაულებენ მესამე პრეზიდენტის ადვოკატები. ამბობენ, რომ გუშინ ღამე მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარზე დაეცა. ექსპრეზიდენტის უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ კონსილიუმის დასკვნის თანახმად, სააკაშვილის მკურნალობა მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა გაგრძელდეს. იუსტიციის სამინისტრო კი რეკომენდაციას არ ასრულებს.
უკვე 25-ე დღეა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი 320-ე საკანში შიმშილობს. სააკაშვილს სამედიცინო დახმარება უკვე რამდენჯერმე დასჭირდა. ადვოკატები ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება. ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში კი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.