დავით კირკიტაძესა და “ნაციონალური მოძრაობის” სამ წევრზე თავდამსხმელები ამ დრომდე თავისუფლები არიან. რუსთავის მერობის ოპოზიციური კანდიდატი მის ოფისზე მომხდარ თავდასხმას “ქართული ოცნების” მიერ ძალადობის წახალისებას უკავშირებს და ფიქრობს, რომ მოძალადეები ამჯერადაც დაუსჯელები დარჩებიან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროვოკაციის მოწყობა მმართველი პარტიის იმ მხარდამჭერებმა სცადეს, რომლებიც 14 ოქტომბერს რუსთავი-თბილისის საავტომობილო გზაზე ცოცხების აქციაში მონაწილეობდნენ.
რუსთავში, მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატის, დავით კირკიტაძის შტაბს თავს გუშინ დაესხნენ. რუსთავის პოლიციაში დაკითხვები გვიან ღამემდე გაგრძელდა – გამომძიებლების შეკითხვებს “ნაციონალური მოძრაობის” ნაცემმა მხარდამჭერებმა და მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ უპასუხეს. დაპირისპირებისას სამი პირი დაშავდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია ერთ-ერთი თავდამსხმელი – ვასილ ბალახაძე. ის ამბობს, რომ დაპირისპირება დავით კირკიტაძის მხრიდან დაწყებულ ფიზიკურ ძალადობას მოჰყვა.