სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტური უბედურებაა – ასე აფასებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მეთიუ ბრაიზა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ყოფილი დიპლომატი ამერიკის ხმასტან ინტერვიუში ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება პოლიტიკურ დაკავებად გამოიყურება, რაც საქართველოს მთავრობას ვნებს. ბრაიზა მიიჩნევს, რომ ქვეყანა ახლა ჩიხშია შესული და მთავრობამ სიტუაციის დეესკალაცია უნდა სცადოს, ეს კი, მეთიუ ბრაიზას აზრით, იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საერთაშორისოდ აღიარებული სამართლიანი სასამართლო იმსჯელებს.
“სააკაშვილის დაპატიმრება საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტური უბედურებაა. წინა არჩევნებზე საქართველოს გარეთ, ამერიკაშიც და ევროპაშიც, ხალხი თანხმდებოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. იმის ნაცვლად, რომ მთავრობას პოლარიზაცია და პოლიტიკური კრიზისი დაემარცხებინა, ახალი კრიზისი შექმნა, რომელმაც ის თავდაცვით პოზიციაში ჩააყენა. ვფიქრობ, ქართული პოლიტიკა კიდევ ერთ ძალიან, ძალიან ღრმა კრიზისშია. ჯადოსნური ჯოხი რომ გვქონდეს, კარგი იქნებოდა. ძალიან ვარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეწუხებული. უნდა გამოინახოს დეესკალაციის გზები. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია და გარდა შიმშილობისა, მას ბრძოლის სხვა მექანიზმი დარჩენილი არ აქვს. შიმშილობაზე სამუდამოდ ყოფნა არავის შეუძლია. სწორედ ეს არის შიმშილობის აზრი, რომ მთავრობა ზეწოლის ქვეშ მოაქციო. მე რომ საქართველოს მთავრობა ვიყო, დეესკალაციის გზების მონახვაზე ვიფიქრებდი. ამისთვის გზები არსებობს – ერთი ისაა, რომ ის ციხეში 6 წელი არ უნდა დატოვონ. ის დაუსწრებლად გაასამართლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი სამართლიანი არ იყო. ერთი არჩევანი შეიძლება ის იყოს, რომ დაინიშნოს ნამდვილი სასამართლო იმ ბრალდებებზე, რომლებიც მას წაყენებული ჰქონდა. ახლა ის ხომ ქვეყანაშია, ციხეშია! იმედია, საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ კანონის უზენაესობას მიჰყვეს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ იქნება მიღებული, როგორც სამართლიანი,” – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.