არჩევნების მეორე ტურამდე 2 კვირით ადრე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩამოვიდა. ლოიდ ოსტინის ვიზიტის მიზანი კავშირების განმტკიცებაა ქვეყნებთან, რომლებზეც რუსეთის მხრიდან ზეწოლა ხორციელდება. აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. ამერიკის თავდაცვის მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურა შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ჯუანშერ ბურჭულაძესთან გამართა. ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხები, შავი ზღვისა და რეგიონული უსაფრთხოება – ეს ის საკითხებია, რაზეც ორმხრივ შეხვედრაზე ისაუბრეს. მხარეებმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის ახალ მემორანდუმს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება.
ლოიდ ოსტინმა საქართველოს ხელისუფლებას ვაშინგტონის გზავნილებიც გადასცა. პენტაგონის ხელმძღვანელი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და ფუნდამენტური რეფორმების გატარების აუციებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დასავლეთთან მჭიდროდ დაკავშირებისთვის მნიშვნელოვანია საქართველომ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.
ამერიკის თავდაცვის მდივანმა დღის ბოლოს სპეციალური ოპერაციების სამხედრო ბაზა მოინახულა და ქართულ-ამერიკულ „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების“ მიმდინარეობას გაეცნო. სამხედრო მოსამსახურეებმა ერთობლივი სამედიცინო ევაკუაციის საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაშავებულის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასა და ევაკუაციის სავარჯიშოებს მოიცავდა.
ევროპული ტურნეს ფარგლებში ამერიკის თავდაცვის მდივანი უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა, ხოლო ვიზიტის დასასრულს ბრიუსელში, ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.