მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე მე-15-ე დღეა შიმშილობს. მსჯავრდებული პრეზიდენტი დღეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანა წითლიძემ მოინახულა. მისი ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და მას უკვე გადაადგილებაც უჭირს. თუმცა წითლიზე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი მხნედ არის და ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ექსპრეზიდენტმა თანაგუნდელთან შეხვედრისას გუშინდელი აქციაც შეაფასა და თქვა, რომ ამდენი ხალხი ვარდების რევოლუციაზეც არ ახსოვს.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მსჯავრდებულთან მისი პირადი ექიმის შეშვებას ითხოვენ. უფლებადამცველებმა ყოფილი პრეზიდენტი დღეს კიდევ ერთხელ მოინახულეს. ადვოკატებმა სააკაშვილთან მისი გათავისუფლების სამართლებრივ გზებზე ისაუბრეს. ბექა ბასილაია ამბობს, რომ ყველაზე ეფექტური გზა სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღება და სააკაშვილის შეწყალება იქნება. ბასილაიას თქმით უკვე არსებობს პრეცენდენტი, როდესაც პრეზიდენტმა პოლიტიკურ საქმეზე შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.
დღესვე, რუსთავის მე12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდა მეუფე მელქისედეკი. სასულიერო პირმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით სექმნილ პეტიციას ხელი უკვე მოაწერა. მეუფე მელქისედეკი საყოველთაო შერიგების იდეას იზიარებს და ამბობს, რომ აუცილებელია ქვეყანაში დაპირისპირება დასრულდეს.
მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 1 ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ყოფილმა პრეზდენტმა საკუთარ Facebook-ზე ვიდეო გაავრცელა და საზოგაოდებას ამცნო რომ საქართველოში იმყოფებოდა. უკვე მეთხუთმეტე დღეა სააკაშვილი სამარტოო საკანში შიმშილობს და იმედოვნებს, რომ არჩევნების მეორე ტურამდე გათავისუფლდება.