ევროპარლამენტარების მწვავე კრიტიკა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ევროპელი დეპუტატები ყოფილი პრეზიდნეტის მიმართ მუქარად აფასებენ და შეშფოთებას გამოთქვამენ. ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, ღარიბაშვილის განცხადება აჩვენებს, რომ მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურ სარჩულს ატარებს. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ რომ მსგავსი ტიპის განცხადებას ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობის წარმომადგენლის სასწრაფო გადადგომა მოჰყვებოდა. რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცევა, მას ახალ ბრალდებებს წაუყენებენ.
“სამწუხაროდ, ჩვენ შეშფოთებით უნდა აღვნიშნოთ პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი საჯარო მუქარა ბატონი სააკაშვილის მიმართ დამატებით ბრალდებებთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ ის „წესიერად“ არ მოიქცევა. ეს აჩვენებს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე ფაქტობრივად პოლიტიკურია, რაც სავალალოა და შეუთავსებელია ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან. ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ არ შეუძლია გადალახოს მართლმსაჯულების პოლიტიზირების ცდუნება, რაც არ შეესაბამება კანონის უზენაესობის პრინციპებს და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების პრინციპებს. ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში, მთავრობის ოფიციალური პირისგან ამგვარი განცხადების გაკეთების შედეგად, მისი დაუყოვნებლივ გადადგომა მოჰყვებოდა. პრემიერ–მინისტრისა და მმართველი პარტიის ლიდერების პირადი თავდასხმები ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და „ვარდების რევოლუციის“ მიღწევებზე უბრალოდ ამაზრზენია. დემოკრატიის სიმწიფე და ევროპული ტიპის კანონის უზენაესობის სისტემა ევროპული ინტეგრაციის წინაპირობაა. „ქართული ოცნება“ ისევ და ისევ ვერ ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ ამ პირობების შესრულება“, – აცხადებენ ევროპარლამენტარები.
მმართველი გუნდის ოპონენტები ევროპარლამენტარების შეფასებას იზიარებენ და სააკაშვილის მიმართ ღარიბაშვილის მუქარას პოლიტიკურ დევნად აფასებენ. ამბობენ, რომ ღარიბაშვილი ღიად საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და მისი გადასაწყვეტია, ვის რა მუხლს დაუმატებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მაშინ როდესაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკური დევნის ობიექტი ხდება, ეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის პრობლემაა.