დილიდან დაძაბული ვითარებაა გლდანში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარიაა. მთელი დღის განმავლობაში მცირე ინციდენტებს ჰქონდა ადგილი, მათ შორის, ხმაური იყო გლდანის 45-ე საარჩევნო უბანზე, სადაც 3 დამკვირვებელი პოლიციის დახმარებით გააძევეს. ელენე ხოშტარიას გუნდის წარმომადგენლები საუბნო საარჩევნო კომისიიის წევრებს დაუპირისპირდნენ და ითხოვდნენ პასუხს, თუ რატომ გააძევეს მათი დამკვირვებელი უბნიდან. საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე მათ დებოშის მოწყობაში ადანაშაულებს. დამკვირვებლებიდან ერთი “ქართული ოცნების”, ორი კი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია.
„ქართული ოცნების“ მხრიდან ვნახეთ გაყალბების უსუსური შემთხვევები, დაზიანებული ბიულეტენები და ბეჭდის არდარტყმის შემთხვევები“, – საარჩევნო პროცესისა და ინციდენტების პარალელურად ბრიფინგი გამართა პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. მათი ინფორმაციით, ოპოზიცია თბილისში დამაჯერებლად იმარჯვებს. ხოშტარიამ მოსახლეობას აქტიურობისკენ და ხმების დაცვისკენ მოუწოდა.