ლისის ტბა შრება. თბილისის მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საყვარელ დასასვენებელ ადგილს საფრთხე ემუქრება. ტბაში წყლის დონემ დაახლოებით 2 მეტრით დაიწია, ნაპირიდან წყალი კი უკვე 8 მეტრითაა დაშორებული.
ტბაზე ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ისვენებს, მათი ნაწილისთვის წყლის დონის დაწევა ადვილად შესამჩნევია. ამბობენ, რომ წყლიდან ჭაობის სუნი ამოდის და ტერიტორიის მოწესრიგებაზე წლებია უკვე არავინ ზრუნავს. მოქალაქეები შესაბამის სამსახურებს დროული რეაგირებისკენ და ლისის ტბის გადარჩენისკენ მოუწოდებენ.
ლისის ტბა დაშრობის საფრთხის წინაშე პირველად 90-იან წლებში დადგა. ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში, ნინო ჩხობაძის თქმით, მაშინ ტბაში წყლის დონე, რომელიც თითქმის 3 მეტრი იყო, 20 სანტიმეტრამდე ჩამოვიდა. წყალში თევზები დაიხოცა, გარშემო კი მწვანე საფარი გახმა. სპეციალისტების ჯგუფის დახმარებით, მაშინ პრობლემა მალევე მოგვარდა, თუმცა 31 წლის შემდეგ, ის კვლავ აქტუალური გახდა. ნინო ჩხობაძე გვიხსნის, რომ წყლის შრობას რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთ-ერთი, თბილისის მერიის უყურადღებობაა. ამბობს, რომ ბუნებრივი თუ ხელოვნური არხები, რომლითაც ტბაში წყლის შედინება ხდებოდა, მიწით გაივსო და ტბაში წყალი აღარ იღვრება. დარგის სპეციალისტი, სპეციალური ჯგუფის შექმნას ითხოვს.
მერიას უმოქმედობასა და საკითხისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. მათი თქმით, იმის გამო, რომ დღეს ლისის ტბა შრება და მისი დონე კატასტროფულად არის დაწეული, პასუხისმგებლობა თბილისის მერიას და მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ, შესაძლოა შრობის პროცესი ხელოვნურია და კორუფციულ გარიგებებთანაც იყოს დაკავშირებული.
ლისი სახელმწიფოს კუთვნილებაშია. სწორედ ამიტომ ოპონენტები თბილისის მერისგან ითხოვენ განმარტებებს, თუ რატომ მივიდა ტბა დაშრობის პირას.
ლისის ტბის გადასარჩენად სოციალური ქსელით პეტიციაც ვრცელდება, ხელმომწერები გარემოს დაცვის სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვენ. ლისის ტბის საკითხი ამ ეტაპზე გაურკვეველი რჩება, თუ რა ბედი ეწევა თბილისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკრეაციულ სივრცეს.