კოკაინშიკი, მოღალატე და ჭანჭიკი – ირაკლი კობახიძის ამ სიტყვების ადრესატი, ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნების” წარმატებული პრემიერი და კრიზისმენეჯერი იყო.
გადამწყვეტ დროს ჯერ გუნდიდან წასვლამ, შემდეგ კი მერობის კანდიდატად და კალაძის კონკურენტად დასახელებამ როგორც ჩანს ირაკლი კობახიძე იმდენად გააბრაზა, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ექსპრემიერს უკვე ნარკოტიკების მოხმარებაშიც კი ადანაშაულებს. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძე პირდაპირ ამბობს, რომ პარტია საქართველოსთვის ლიდერი ნარკოდამოკიდებულია და კალაძის შეთავაზებას ნარკოტესტის ჩაბარებაზე ამიტომ არ დათანხმდა.
გახარიას ყოფილი თანაგუნდელები მიიჩნევენ, რომ გიორგი გახარიამ ნარკოტესტზე უარის თქმით კახა კალაძის უწყინარი გამოწვევა წააგო და საზოგადოებაში კითხვებიც გააჩინა. თუმცა მმართველი გუნდის ლიდერები არ პასუხობენ კითხვას, რატომ წარუდგინეს ერთი წლის წინ საზოგადოებას პრემიერად ადამიანი რომელიც მათივე ინფორმაციით ნარკოდამოკიდებული იყო.
საჯარო პოლიტიკაში “ქართული ოცნების” ლიდერების რიტორიკა მიუღებელია ოპოზიციისთვის. ისინი შეურაცხმყოფელს უწოდებენ მმართველი პარტიის წევრების განცხადებებს იმ ფონზე როდესაც ჯერ-ჯერობით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ კობახიძე -გახარიას დაპირისპირებამ “ქართული ოცნება” პოლიტიკურ დასასრულამდე მიიყვანოს და მმართველი პარტია სხვა წევრებმაც დატოვონ.
კობახიზე – გახარიას დაპირისპირების მიზეზი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის კახა კალაძის ინიციატივა გახდა. მან კონკურენტებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდა, თუმცა გიორგი გახარიამ კალაძის შეტავაზებაზე უარი თქვა და “ქართული ოცნება” პროვოკაციის მზადებაში დაადანაშაულა. ყოფილმა პრემიერმა უნდობლობა გამოუცხადა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და განაცხადა, რომ ნარკოტესტი ავსტრიაში უკვე ჩააბარა და შედეგებსაც მალე გაასაჯაროებს.