არჩევნებამდე ერთი თვით ადრე “ქართული ოცნება” ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანიას უწუნებს. დღეს, პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. შალვა პაპუაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა და თქვა, რომ ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდეგ არეულობისთვის ემზადება. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები არ აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას, არ საუბრობენ პროგრამაზე, არ იყენებენ რეკლამისთვის განკუთვნის ბილბორდებს, რათა შემდეგ თქვან, რომ კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობდა.
საგანგებო ბრიფინგის შემდეგ, ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია თბილისის მერმაც შეაფასა. თანაგუნდელის მსგავსად, “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, ოპოზიციას არ სურს „ფულის გადაყრა წაგებულ არჩევნებში“, ვინაიდან მათ არჩევნების შედეგები წინასწარ იციან.
“ძალაუფლების შენარჩუნების უშედეგო მცდელობა” – ასე პასუხობს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”. პოლიტიკოსები მმართველ გუნდს ურჩევენ, წინასაარჩევნოდ, ოპოზიციის კრიტიკის ნაცვლად, საქმეს მიხედოს.
ვინ როგორ ემზადება არჩევნებისთვის – საკითხზე ურთიერთბრალდებები რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მაშინ როცა დედაქალაქის ქუჩებში კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო აქტივისტების საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა. უცნობია, ვისი ინიციატივით დაიბეჭდა და გავრცელდა პლაკატები. სიძულვილის შემცველი პლაკატების მიღმა რაიმე სახის კავშირი უარყო თბილისის მერიამ. თუმცა ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ ეს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიაა.