საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა. მუნიციპალური ტრანსპორტი 13 სექტემბრამდე არ ამუშავდება. გადაწყვეტილება დღეს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ტრანსპორტის მუშაობა 4 სექტემბრამდე იყო შეზღუდული, თუმცა როგორც საბჭოს წევრები ამბობენ, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო შეზღუდვა გახანგრძლივდა.
მოსწავლეებისთვის ისევ დახურული რჩება სკოლები. სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს იწყება, თუმცა მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახების ნაცვლად ისევ დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ. განათლების მინისტრის თქმით შეზღუდვა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ქალაქსა და სოფელში ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება, იქ 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზეც. 4 ოქტომბრამდე დაკეტილი იქნება სახელმწიფო და კერძო ბაღებიც.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მცირედით იკლო, თუმცა ისევ საგანგაშოდ მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი. ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 79 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა 7408-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ჩატარებული 31 605 ტესტიდან კოვიდიდდადებითი 4 778 ადამიანი აღმოჩნდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 549 811 შეადგინა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი დადებით დინამიკაზე საუბრობს და ამბობს, რომ დაწესებული შეზღუდვების შედეგად სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის.
დღეს გამოვლენილი 4778 ინფიცირებულიდან 15% 14 წლამდე ბავშვია. ჯანდაცვის უწყება ბავშვთა ინფიცირების მაღალ მაჩვენებელზე საუბრობს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას ელოდება, რის შემდეგაც ქვეყანაში 12 წლიდან ზევით ასაკის ბავშვთა ვაქცინაციაც დაიწყება. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ პანდემიის დასასრულებლად ეს ერთადერთი გამოსავალია.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება პენიტენციურ სისტემაში. იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით ამ ეტაპზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სულ 96 პატიმარია ინფიცირებული, რაც სრული რაოდენობის 1%-ია. რატი ბრეგაძის თქმით პატიმრების 70-%-ზე მეტი უკვე ვაქცინირებულია.
ამ დროისთვის საქართველოში სულ 1 184 306 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 393 764 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 13.8%-ია.