“მწვანე შუქი ჟურნალისტებზე ძალადობას” – ასეთია ვახო სანაიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი. ჟურნალისტზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა სამივე მათგანი პატიმრობიდან გათავისუფლდა. თებერვალში დაკავებული ბრალდებულებისთვის მისჯილი 6 თვიანი ვადა სწორედ დღეს ამოიწურა. თავდამსხმელებმა საპატიმრო უკვე დატოვეს.
ერთ-ერთი ბრალდებული, სულიკო საყევარიშვილი მოსამართლემ ძალადობის მუხლით უდანაშაულოდ ცნო და დისკრიმინაციული მოტივით, ვახო სანაიასთვის ფიზიკური ძალადობისთვის 6 თვე და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა. ვაჟა გიგაური, რომელიც ვახო სანაიას თქმით, კონფლიქტის ინიციატორია და მას სახეში ურტყამდა, მოსამართლემ ორივე მუხლით დამნაშავედ ცნო, 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდა მესამე ბრალდებულ გიორგი სახელაშვილსაც.
ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლება მედიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საქალაქო სასამართლოს ეზოში გააპროტესტეს. ამბობენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ჟურნალისტებზე თავდასხმა კიდევ ერთხელ წაახალისა.
ვახო სანაიას საქმეზე გამოტანილი განაჩენი მოულოდნელი არ ყოფილა სახალხო დამცველისთვის. ომბუდსმენი ჟურნალისტების მიმართ გახშირებულ ძალადობაზე საუბრობს. ნინო ლომჯარიას განამრტებით, ხშირად ასეთი ქმედებები ან დაუსჯელი რჩება, ან გამოძიება დროში იწელება. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი კი 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებია.
ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. მას ტვინის შერყევა დაუდასტურდა. როგორც ტელეწამყვანი ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე თებერვალში დააკავეს. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათი პატიმრობა მხოლოდ 6 თვე გაგრძელდა.