საქართველოში COVID-19-ით კიდევ ერთი ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა. ექიმი-რადიოლოგი, ნინო ნაცვლიშვილი 8 თვის ორსული იყო. ექიმებმა ნაყოფის გადარჩენა შეძლეს, თავად ქალი კი გარდაიცვალა. ის მკურნალობას ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადიოდა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ 33 წლის ორსული ქალი კლინიკაში ივლისის მეორე ნახევარში შეიყვანს და მისი მდგომარება თავიდანვე მძიმე იყო. მას ფიზიოლოგიური მშობიარობა დაეწყო, თუმცა ბავშვის მდებრეობიდან გამომდინარე, ექიმებმა ნაყოფი საკეისრო კვეთის შედეგად ამოიყვანეს. მშობიარობის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი ქალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ ყოფილა.
ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ვირუსს 59 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა 6649-მდე გაიზარდა. ისევ მაღალია ინფიცირებულთა რაოდენობაც. ბოლო ერთ დღეში კორონავირუსი კიდევ 4743 ადამიანს დაუდასტურდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 506 040 შეადგინა. მედიკოსები რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრობენ და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით კი ორსულებს, რომლებისვისაც დელტა შტამი მაღალ რისკს წარმოადგენს.
ბოლო პერიოდში ორსულთა გარდაცვალების შემთხვევების მატებაზე საუბრობენ ჯანდაცვის სამინიტროშიც და ორსულ ქალებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უკვე დაწყებულია მუშაობა ცალკე ონლაინ კლინიკის შექმნაზე, რომელიც მეანგინეკოლოგებით იქნება დაკომპლექტებული და COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს ბინაზე გაუწევენ კონსულტაციას.
დამძიმებული ეპიდვითარების გამო სამედიცინო დაწესებულებებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა იწურება, ამიტომ დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილმა საველე ჰოსპიტალმა დღეს პირველი პაციენტები მიიღო. 9 კოვიდინფიცირებული იქ გუშინ საღამოს მოათავსეს. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ საველე ჰოსპიტალში მხოლოდ ნაკლებად მძიმე პაციენტებს გადაიყვანენ.
მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ქუთაისშიც. პაციენტების მისაღებად კლინიკებში საკმარისი საწოლები აღარ არის, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ საველე ჰოსპიტალი ქუთაისშიც გაიხსნას.
20 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში ჯამურად 907 655 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი. დღეიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში იუსტიციის სახლებიც ჩაერთვებიან. სერვისით სარგებლობა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი.