საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო ერთ დღეში ვირუსს 59 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მხოლოდ აგვისტოს დასაწყისიდან კოვიდინფექციამ უკვე 770 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 4921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ნახევარმილიონს გადააჭარბა. ჯანდაცვის სამინისტროში ცხადებენ, რომ ჰოსპიტალური სექტორი შესაძლებლობის მაქსიმუმ უახლოვდება და საწოლების რაოდენობა იწურება.
ჯანდაცვის უწყება გარდაცვალების შემთხვევების კიდევ უფრო მატებას არ გამორიცხავს. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ რეანიმაციულ განყოფლებებში მძიმე პაციენტები არიან და ამასთან, ახლადინფიცირებულთა რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე, შესაძლოა სიკვდილიანობა გაიზარდოს. თამარ გაბუნია იმედოვნებს, რომ დაწესებული შეზღუდვები რამდენიმე დღში შედეგს გამოიღებს.
ქვეყანაში მძიმე ვითარებაა ბავშვთა ინფიცირების კუთხითაც. იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი ამბობს, რომ დელტა შტამი ბავშვებში სწრაფად ვრცელდება და თუკი ჩინური შტამით ერთი ადამიანი დაახლოებით 3 ადამიანს აინფიცირებდა, დელტა ვარიანტის შემთხვევაში 1 ინფიცირებული 8 ადამიანს ასნებოვნებს. ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ქვეყანაში საწოლფონდი ლიმიტირებულია და კიდევ ათასობით ინფიცირებულს ქვეყანის რესურსი ვეღარ გაუძლებს.
19 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში ჯამურად 883 570 აცრა ჩატარდა. მხოლოდ გუშინ ქვეყანაში 26 262 ადამიანი აიცრა, რაც სპეციალისტების შეფასებით მაღალი მაჩვენებელია.