რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება და კიდევ ერთი გარდაცვლილი ორსული. ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსს 20 კვირის ორსული ემსხვერპლა. 30 წლის ქალი სამედიცინო დაწესებულებაში 27 ივლისს ზოგადი სისუსტით და ტემპერატურით მოათავსეს. კლინიკაში ამბობენ, რომ თავდაპირველად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა 12 აგვისტოს პაციენტი დამძიმდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით ორსული ქალი კორონავირუსის ვაქცინით აცრილი არ ყოფილა.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში COVID-19-ით სულ 5 ორსული ქალი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კორონავირუსი ჯანმრთელი პაციენტებისთვისაც მაღალ რისკს წარმოადგენს, ამიტომ ორსული გოგოს გარდაცვალების გამო ექიმებისა თუ კლინიკის კვალიფიკაციის საკითხი არ დგას.
ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების ტემპი ისევ მაღალია. ბოლო 24 საათში COVID-19-ის 5914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი ნახევარმილიონს უახლოვდება. ბოლო ერთ დღეში ვირუსს კიდევ 49 ადამიანი ემსხვერპლა, რითიც გარდაცვლილთა რაოდენობა 6532-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სტაბილიზაციის ნიშნები არც ერთ რეგიონში არ შეინიშნება, ამიტომ თამარ გაბუნია მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
დღეიდან კოვიდ პაციენტების მისაღებად უკვე მზად არის დიღმის საველე ჰოსპიტალი. თუმცა, როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, ამ ტერიტორიას მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენებენ, რაც ქვეყანაში ჰოსპიტალური სექტორის რესურსი ამოიწურება. ეკატერინე ტიკარაძემ დღეს საველე ჰოსპიტალი პირადად დაათვალიერა. მისი თქმით, ადგილზე როგორც საშუალო სიმძიმის, ისე მძიმე პაციენტების მისაღებად ყველანაირი პირობაა შექმნილი.
18 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში ჯამურად 857 056 აცრა ჩატარდა. ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი.