გახდება თუ არა კორონა პანდემია 2020 წლის არჩევნების თარიღის შეცვლის მიზეზი – ქართულმა ოცნებამ საკითხზე ფიქრი უკვე დაიწყო. თემა აქტუალური კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე გახდა და თემამ ქართული ოცნების ლიდერები ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების გადადებაზე აალაპარაკა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება – არჩევნების გადადების საფუძველს არ იძლევა, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ კრიზისში მყოფმა მთავრობამ შესაძლოა კორონა პანდემია ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს და მმართველობა კიდევ რამდენიმე თვით გაიხანგრძლივოს.
ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილებას არ გამორიცხავენ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც. ფიქრობენ, რომ მმართველი პარტია ადამიანების ჯანმრთელობით სპეკულირებს და კორონა პანდემიას სათავისოდ იყენებს. ოპოზიცია ხელისუფლებისგან გარატნიებს ითხოვს, რომ ის კონსტიტუციური ჩანაწერით ბოროტად არ ისარგებლებს და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებს დეკემბერში ან თუნდაც იანვარში არ გადაიტანს.
ოპოზიციის მწვავე ბრალდებებს არ იზიარებენ მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრები საზოგადოებას არწმუნებენ, რომ 2020 წლის არჩევნებს დათქმულ დროს ჩაატარებენ, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ არჩევნების ჩატარების ფორმა და თარიღი არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.
გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას საარჩევნო თარიღის გადასაწევად – ეს სავარაუდოდ საქართველოში კორონა სტატისტიკაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა როგორც დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა თქვა, ვირუსის დინამიკა, საარჩევნო გარემოსთვის უსაფრთხოა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ რეკომედაციების დაცვის შემთხვევაში საარჩევნო უბნები პრობლემების გარეშე გაიხსნებიან.