ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გამხაურებული საქმის მთავარი ფიგურანტი თავისუფალია. მარიანა ჩოლოიანმა, რომელსაც 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე სასჯელი 3 წლის ვადით უნდა მოეხადა, ციხე წელიწად-ნახევარში დატოვა. ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ ჩოლოიანის საქმეზე ორჯერ იმსჯელა, საბოლოოდ კი სანიმუშო ქცევისათვის სასჯელის ვადა გაუნახევრა. ლუკა სირაძის ოჯახისთვის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი აბსურდულია, მათი თქმით, ჩოლოიანმა ციხე მისი გავლენების გამოყენებით დატოვა.
ჩოლოიანის დროზე ადრე გათავისუფლების გამო გაბრაზებულები არიან ოჯახის ინტერესების დამცვლებიც, რომლებიც ახლა სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. საია-ში ამბობენ, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეში გამოძიებამ რამდენიმე დამნაშავე პირი არ გამოკვეთა, ჩოლოიანი კი პირველივე მცდელობაზე გაათავისუფლა. ადვოკატებისთვის, უმძიმეს დანაშაულში მხილებული პირის ციხიდან გათავისუფლება იმის დასტურია, რომ სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.
პოლიციის ყოფილი გამომძიებელის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი ისევ ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. მერაბ ჩიქოვანი ამბობს, რომ ჩოლოიანის გათავისუფლების საქმეზე ციხის ადგილობრივმა საბჭომ თავიდან უარი განაცხადა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილების შეცვლა მოუხდა. ადვოკატი იმედოვნებს, რომ ჩოლოიანს სააპელაციო სასამართლო გაამართლებს.
მარიანა ჩოლოიანს ბრალი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე ედება. გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოლოინმა მოზარდის ჩვენება იძულების წესით მიიღო, რის შემდეგაც ლუკა სირაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობა დამძიმდა. ის შენობის სახურავიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახი ამტკიცებდა, რომ ჩოლოიანის გარდა მოზარდზე ზეწოლაში კიდევ რამდენიმე პოლიციელი მონაწილეობდა.