საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი “ქართულ ოცნებას” 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროდეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს შესაძლოა ევროკავშირისგან ფინანსური დახმარება შეუჩერდეს. ვიოლა კრამონი “ნაციონალურ მოძრაობასაც” მოუწოდებს ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს. განცხადება ევროპარლამენტარმა ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებტან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ვიოლა კრამონი “ქართულ ოცნებას” არასანდო პარტიას უწოდებს და ფიქრობს რომ ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების გადახედვა დასჭირდება.
“ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ძალიან მოულოდნელი და ჩემი აზრით დამაზიანებელი ნაბიჯი. მიიღო დამაზიანებელი გადაწყვეტილება საქართველოს ინტერესებისთვის და გამოვიდა შეთანხმებიდან. ამის გამო გადავწყვიტე გამეუქმებინა ჩემი შეხვედრები საქართველოს პარლამენტში. მეტსაც გეტყვი, ეს არ არის პირველი შემტხვევა როდესაც “ქართულმა ოცნებამ” პირობა დაარღვია. ეს კი მმართველ პარტიას აქცევს სუბიექტად, რომლის ნდობაც არ შეიზლება. შეთანხმებიდან გამოსვლის გამართლება არადამაჯერებელი და არასერიოზულია. მეშინია, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ, უფრო დაშორდა ევროკავშირს. ამ გადაწყვეტილებამ სარგებელი მოუტანა მხოლოდ კრემლს. ნათელია, რომ მას შემდეგ, რაც ნდობა დარღვეულია, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ჩვეულებრივ საქმეების მიმდინარეობას. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ევროკავშირს დასჭირდება გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვხატავთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას – ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ასევე, მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ შეუერთდეს ხელშეკრულებას. ჩვენ ძალიან ბევრი ჩავდეთ იმაში, რომ საქართველოში მრავალპარტიული შეთანხმება მიღწეულიყო. 7 – გვერდიანი ხელშეკრულების თვალსაზრისით მოცემულია უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რომელიც სჭირდება არა ევროკავშირს და ევროპარლამენტს, არამედ თქვენ, საქართველოს. ეს შეთანხმება დადებულია იმისთვის, რომ ყველამ ბოლომდე შეასრულოს აღებული ვალდებულებები. თუ არ დაუბრუნდებიან ხელშეკრულებას, ჩვენ მარტში ვსაუბრობდით, რომ შეჩერდებოდა მიკროფინანსური ტრანში. პარლამენტში კოლეგების რეაქციიდან დავასკვენი, რომ ისინი რეალურად ფიქრობდნენ ამაზე. დეტალებში არ შევალ, ვეცდებით აშშ–სთან ჩვენი გადაწყვეტილებების სინქრონიზაცია მოვახდინოთ,” – განაცხადა ვიოლა კრამონმა.
ევროპარლამენტარი პრესკონფერენციაზე 5 ივლისის მოვლენებსაც გამოეხმაურა და მედიის წარმომადგენლებს მხარდაჭერა გამოუცხადა. ვიოლა კრამონი ფიქრობს რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა “ქართული ოცნების” მიერ წახალისებული იყო.