ბანერი, რომლის გამოც “ქართულმა ოცნებამ” გომელაურის მოსმენა ჩაშალა, პარლამენტის მთავარ დარბაზში დღეს ისევ გადმოფინეს. პროტესტის მე-17 დღეს ჟურნალისტებმა ამ წარწერით მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ სანამ ძალადობის ორგანიზატორები ქუჩაში თავისუფლად დადიან, პოლიტიკური პროცესები ნორმალურ რეჟიმში ვერ გაგარძელდება. მედიამ სხდომათა დარბაზში და პარლამენტის დერეფანში დღეს ლექსო ლაშქარავას ფოტოებიც გამოფინა და “ოცნებას” პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.
პროტესტი იყო პარლამენტის გარეთაც, სადაც მედიამ დამნაშავეების დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვა. ჟურნალისტებმა და მედია მენეჯერებმა პარლამენტთან 5 ივლისს დაზარალებული 53 ჟუნალისტის ფოტოებიც მიიტანეს. ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყებამ ამ დრომდე მხოლოდ 26 მოძალადე დააკავა, მაშინ როცა დაპირისპირებებში ბევრად უფრო მეტი პირი მონაწილეობდა.
უკვე რამდენიმე დღეა “ქართულ ოცნებას” ჟურნალისტების უხერხული კითხვების მოსმენა უწევს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე მინიმალურია. 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ მიზანმიმართული ძალადობის ფაქტებზე პასუხების გაცემა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობაა, თუმცა “ქართული ოცნება” მის ხელმეორედ დაბარებას ჯერ არ ჩქარობს.
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტების შენიშვნებს არ იზიარებს და ისევ ამტკიცებს, რომ პოლიცია მაქსიმალურად ეფექტურად მუშაობს. თალაკვაძე ფიქრობს, რომ მედია მენეჯერები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით მანიპულირებენ.
იმაში, რომ “ქართული ოცნება’, ძალადობრივ ჯგუფებს გაურიგდა – ოპოზიცია დარწმუნებულია. ამბობენ, რომ ხელისუფლება კრიმინალების დასჯას არ აპირებს, რადგან ისინი სწორედ მათი დავალებებით მოქმდებნენ. ხელისუფლების ოპონენტებმა მედიას სოლიდარობა დღეს კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და პრემიერს მომხდარზე პასუხისმგებლობის აღება ურჩიეს.
5 ივლისის მოვლენებიდან, 2 კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია, ძალადობის ორგანიზატორები. შეუმწყნარებლობით და ჰომოფობიით მოტივირებული, ულტრა-მემარჯვენე ძალები მედიის წარმომადგენლებს თავს, 5 ივლისს დაესხნენ. 55 დაშავებული ადამიანიდან, 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი იყო. თავადსხმიდან 6 დღეში, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 20-ზე მეტმა ადამიანმა დაუნდობლად სცემა, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.