4000 კვადრატამდე დამწვარი სასაწყობე ჯიხურები და ასეულობით დაზარალებული მოვაჭრე – ასეთია ვარკეთილის ბაზრობაზე გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგები. დამწვარია ტანსაცმელი და სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნივთები. მოვაჭრეები ცეცხლის მიზანმიმართულად გაჩენას არ გამორიცხავენ.
დაზარალებული მოვაჭრეები ადგილზე გვიან ღამით მივიდნენ, თუმცა მათ ტერიტორიაზე შესვლისა და პროდუქციის გამოტანის შესაძლებლობა არ ჰქონიათ. ამბობენ, რომ საქონელი და სავაჭრო ჯიხურები, რომელიც ხანძრისას განადგურდა, დაზღვეული არ აქვთ. მათ ხელისუფლების წარმომადგნელებთან დროული შეხვედრა, ინფორმაციის მიღება და ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს. ამ მოთხოვნით გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.
რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერჯერობით უცნობია. ასევე უცნობია, თუ რა რაოდენობის ზარალი მიადგა მოვაჭრეებს. თბილისის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსის თქმით, ხანძარი სავარაუდოდ, ბაზრობის შუა ნაწილში გაჩნდა. იყო ხანძრის ბენზინგასამართ სადგურსა და საცხოვრებელ კორპუსზე გავრცელების საშიშროებაც, თუმცა ამის თავიდან აცილება მოხერხდა.
ვარკეთილის შერეულ ბაზარში ხანძარი გუშინ ღამით გაჩნდა. ადგილზე ცეცხლის ჩაქრობას 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. შემთხვევის დროს მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს.