წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში გადადის. როგორც ირკვევა, ოპოზიციის ნაწილი ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატს, კახი კალაძეს, გაერთიანებული ძალებით დაუპირისპირდება. როგორც “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერი ამბობს, ოპოზიციას საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება 2 დღეში ექნება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ოპოზიცია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად ნიკა მელიას, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ ელენე ხოშტარიას განიხილავს. ოპოზიციურ ერთობაში ვიცე მერის კვოტა სავარაუდოდ “ევროპულ საქართველოს” ექნება. კანდიდატებს შორის იქნება ზურა ჯაფარიძეც, თუმცა სად წარადგნენ “გირჩის” ლიდერს, ამ ეტაპზე უცნობია.
განსხვავებულია “სტრატეგია აღმაშენებლის” პოზიცია. გიორგი ვაშაძე არჩევნებზე მესამე ძალის კანდიდატურის დაყენებას მიესალმება, რადგან თვლის, რომ მას შესაძლებლობა ექნება კახა კალაძე მეორე ტურში მარტივად დაამარცხოს. ექნება თუ არა ნიკა მელიას პარტია “ლელოს” მხარდაჭერა – უცნობია. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ისინი თავიანთ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაახმოვანებენ.
ნიკა მელიას მხარდაჭერაზე უარს ამბობს პარტია “მოქალაქეები”. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მისი პარტია არანაირ გაერთიანებებში მონაწილეობას არ აპირებს.
თბილისის მერობისთვის არ იბრძოლებს “გირჩი”. იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან მხოლოდ იმას ამბობს, რომ თუ ნიკა მელია და კახა კალაძე ერთამენთს დაუპირისპირდებიან, მელია არჩევნებს წააგებს.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი ჯერ მხოლოდ “ქართულ ოცნებას” ჰყავს. კახა კალაძე მმართველმა პარტიამ გუშინ, მთაწმინისდის პარკში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა.