საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ისევ განხილვის თემაა. ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა – ეს ის საკითხები იყო, რაზეც სენატორებმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრეს. სენატორმა რიშმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ის და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულნი არიან იმის გამო რაც საქართველოში ხდება. სხდომაზე, რომელზეც საქართველოსთან დაკავშირებით მწვავე განცხადებები გაკეთდა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწეობის კანდიდატებს უსმენდნენ. ერთ-ერთმა კანდიდატმა, კარენ დონფრიდმა საარჩევნო და სასამართლო რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში ის გააგრძელებს ძალისხმევას 19 აპრილის შეთანხმების სრული და სწრაფი იმპლემენტაციისთვის.
სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან გახშირებული კრიტიკის ფონზე ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლების მიმართ სანქციები აამოქმედოს. ხელისუფლების ოპონენტები “ქართული ოცნების” უპახუხისმგებლოს უწოდებენ და ცხადებენ, რომ თუ მმართველი გუნდი გონს არ მოეგება, ქვეყანამ შესაძლოა სტრატეგიული პარტნიორებისგან ფინანსური დახმარება დაკარგოს.