25 დღის ახალშობილი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით ციციშვილის სახელობის კლინიკაში იყო მოთავსებული გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ჩვილს ფილტვებში მაღალი ხარისხის დაზიანება ჰქონდა. მას ვირუსი ოჯახის წევრებისგან, სამშობიაროდან გაწერის შემდეგ გადაედო.
ქვეყანაში კი კორონავირუსის შემთხვევები იმატებს. ბოლო 24 საათში ჩატარებული 34 800 ტესტიდან COVID-19 1653 ადამიანს დაუდასტურდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 13 პაციენტი ემსხვერპლა, რითიც გარდაცვლილთა რაოდენობა 5 516-მდე გაიზარდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი 980 ინფიცირებული დედაქალაქში ფიქსირდება. მეორე ადგილზე 155 შემტხვევით იმერეთია, ხოლო მესამეზე აჭარა, სადაც COVID-19 118 პირს გამოუვლინდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 15 888-ს შეადგენს, საიდანაც 177 მძიმე პაციენტია.