საქართველოში ეპიდვითარება გაუარესდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დღიური შემთხვევები 1000-ს აჭარბებს. მხოლოდ ბოლო 24 საათში ვირუსს 20 პაციენტი ემსხვერპლა. ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მათგან 2 ბავშვთან მიმართებით ეჭვი ე.წ. ინდურ შტამზეა. კლინიკაში განმარტავენ, რომ სამივე ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა.
ქვეყანაში განსაკუთრებით იზრდება ე.წ. ინდური შტამის შემთხვევები. ბოლო მონაცემებით ინფიცირებული უკვე 52 ადამიანია. ქვეყნის პირველი ეპიდემიოლოგი ვარაუდობს, რომ აგვისტოს შუა რიცხვებიდან ინდური შტამი ბრიტანულ შტამს მთლიანად ჩაანაცვლებს. ეპიდსიტუაიცია რომ საყურადღებოა, ამაზე ჯანდაცვის უწყებაც საუბრობს. მინისტრის მოადგილე მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ. სიფრთხილის გამოჩენისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის პარალელურად ისევ დაბალი ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. თამარ გაბუნიას განცხადებით, აცრის მსურვლეთა რეგისტრაციის ტემპი არ არის ისეთი მაღალი, როგორი მოლოდინიც ჰქონდათ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ურჩევს ძვირფასი დრო “ფაიზერის” ლოდინში არ დაკარგონ, ვინაიდან მათი განმარტებით, „სინოვაკი“, „სინოფარმი“ და „ასტრაზენეკა“ მაღალი ეფექტურობისაა. გასულ დღე-ღამეში COVID-19-ის წინააღმდეგ 5702 ადამიანი აიცრა. ჯამურად 283 631 აცრაა ჩატარებული, ხოლო სრულად ვაქცინირებული 111 589 ადამიანია. მთავრობის გეგმით კი დღეში 25 000-მდე ადამიანი უნდა იცრებოდეს.
ჯანდაცვის მიისტრის მოადგილემ დღეს 27 წლის ახალციხელი ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში ახალ დეტალებზეც ისაუბრა. ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილებით, კლინიკა იმედის რეანიმატოლოგ გიორგი აფციაურსა და ვიოლეტა ინასარიძეს, რომლებიც მეგი ბაქრაძის იმუნიზაციის პროცესს ხელმძღვანელობდნენ, დროებით პროფესიული საქმინობის განხორციელების შესაძლებლობა შეუჩერდათ.
ბოლო 24 საათში საეჭვო სიმპტომების გამო ტესტირება 31 000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან კოვიდ დადებითი 1043 პირი აღმოჩნდა. ვირუსს კიდევ 20 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი ისევ დედაქალაქში ფიქსირდება, მეორე ადგილზე ქვემო ქართლი, მესამეზე კი იმერეთია. დადებითობის მაჩვენებლი 3.34%-ს შეადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში ინფექცია 841-მა პაციენტმა დაამარცხა.