წაქეზებული მოძალადე ჯგუფები და სასტიკად ნაცემი ჟურნალისტები – ჰომოფობიურ აქციაზე დაზარალებული მედია სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლას იწყებს. დღეს მთელი დღის განმავლობაში პოლიციის განყოფილებებში იმ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს კითხავენ, რომლებიც რადიკალური ჯგუფების აგრესიის პირდაპირი მსხვერპლნი გახდნენ. მედიის წარმომადგენლები, რომლებსაც გუშინდელი ურთულესი დღის გახსენება უჭირთ, დარწმუნებულები არიან, რომ ძალადობის მთელი ეს სერია კარგად ორგანიზებული და ხელისუფლებისგან ნებადართული იყო.
გომელაურის უწყებამ მედიის 53 ჟურნალისტი უკვე ცნო დაზარალებულად, თუმცა ამ ეტაპზე დაკავებული მხოლოდ 11 პირია. სასამართლომ 3 დღიანი პატიმრობა შეუფარდა გუშინ დაკავებულ პაატა გურჩიანს, რომელიც ბრალს ეთანხმება თუმცა ჟურნალისტების მისამართით გინებას არ ნანობს. სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა კიდევ რამდენიმე დაკავებული. სამართალდამცველების მიერ დღეს დაკავებული რადიკალებიდან ორი წარსულში ნასამართლევი პირია, რომლებსაც გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასა და ფიზიკურ ძალადობას ედავება. დაკავებულებს შორისაა სკუტერის მძღოლიც, რომელიც აქციაზე ჟურნალისტებისთვის მოპედის დაჯახებას და მათთვის ზიანის მიყენებას ცდილობდა.
ვიდრე პოლიცია ჯერ კიდევ ადგენს იმ ადამიანის სახელებს, ვინც ჟურნალისტებზე სასტიკად იძალადა, მედიამ დამოუკიდებელი ძალებით უკვე დაიწყო ვიდეომასალების გაშიფვრა და დამნაშავე პირების გამოვლენა. კადრებში, რომლებსაც მაყურებელი გუშინ პირდაპირი ეთერის საშუალებით მთელი დღის განმავლობაში ხედავდა, კარგად ჩანს კონკრეტული სისხლის სამართლებრივი დანაშაულებები და ამ ადამიანების სახეებიც.
მედიამენეჯერები ფიქრობენ, რომ ის, რაც გუშინ თბილისის ცენტრში მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი და დანაშაულებრივი კამპანიის შედეგია. ტელევიზიები, რომლებმაც დიპლომატიური კორპუსი საქმის კურსში უკვე ჩააყენეს, პირობას დებენ, რომ “ქართული ოცნების” ამ დანაშაულის შესახებ მალე მთელი მსოფლიო გაიგებს.
ჟურნალისტები, რომლებიც საომარი წერტილებიდან ხშირ შემთხვევაში უვნებლები ბრუნდებოდნენ, ახლა მათი თანამოქალაქეების აგრესიის მსხვეპლნი გახდნენ. ჟურნალისტებმა პოლიციას მომხდარი დეტალებში უკვე აღუწერეს, შესაბამისად, ჯერი ახლა სამართალდამცავ უწყებაზეა, რომელმაც დამნაშავეები უნდა გამოავლინოს და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯოს.