ოპოზიციაში გადასული ყოფილი პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ იმავე სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც ექს პრეზიდენტი იყო განთავსებული, თუმცა გიორგი გახარია უარყოფს ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში ექსპრემიერი ირწმუნება, რომ მას “ნაციონალურ მოძრაობასთან” არანაირი კავშირი არ აქვს. გახარია ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” ისევე რომ ებრძოლა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ როგორც მის პოლიტიკურ ძალას ებრძვის, ქვეყანაში სხვა რეალობა იქნებოდა.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი გახარია ირონიული პოსტითაც გამოეხმაურა. “არა ჩადებას” – ამ სათაურით გამოაქვეყნა ყოფილმა პრემიერმა ფოტო, რომელზეც ის თითქოს მიხეილ სააკაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან ერთად დგას. გახარია-სააკაშვილის კონსპირაციული შეხვედრა უარყვეს მისმა თანაგუნდელებმაც.
იმის, რომ გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში ერთი და იმავე სასტუმროში შემთხვევით აღმოჩნდნენ არ სჯერად ყოფილი პრემიერის ყოფილ თანაგუნდელებს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარეც და პარტიის წევრებიც დარწმუნებულნი არიან, რომ გახარია-სააკაშვილის შეხვედრა შედგა, რამაც მათი თქმით კიდევ ერთხელ დაადასტურა ყოფილი პრემიერის კავშირი “ნაციონალურ მოძრაობასთან”.
“ნაციონალურ მძრაობაში” კი გახარია-სააკაშვილის შეხვედრას და მოლაპარაკებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ მათი ერთ სასტუმროში დაბინავება უბრალოდ დამთხვევაა. მათი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” ყოფილ პრემიერთან საერთო არაფერი აქვს.
გიორგი გახარია უკვე რამდენიმე დღეა შეერთებულ შტატებში იმყოფება და შეხვედრებს მართავს. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ ის დეტალურად თბილისში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს.