“თავისუფლება ზაზა გახელაძეს” – საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების მოთხოვნით სოფელ ქვემო ჭალაში სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. აქცია სიმბოლურია, რადგან, დღეს ზაზა გახელაძის დაბადების დღეა. დაბადაების დღეს, გახელაძის ოჯახის წევრებმა ტაძარში სანთლის დანთებით აღნიშნეს.
დღეს ზაზა გახელაძის მამა ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა. მიხეილ გახელაძემ უკან მას შემდეგ დაიხია, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი შვილის უკანონო ტყვეობიდან დასახსნელად, საკუთარ ძალებს საპატრიარქო გამოიყენებს.
სასულიერო პირები სოფელ ქვემო ჭალაში გვიან ღამით იმყოფებოდნენ. სამთავისისა და გორის ეპარქიების ხელმძღვანელებმა ზაზა გახელაძის ოჯახს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ცხინვალის ციხეში მყოფი უკანონო პატიმრის გათავისუფლებაზე ილია მეორე რუსეთის პატრიარქს ხელისუფლებასთან შუამდგომლობას სთხოვს. უკვე მზად არის შესაბამისი წერილიც.
მოლაპარაკებების და პროტესტის პარალელურად, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ იმსჯელა. იმ მიზეზით, რომ შესაძლოა მოლაპარაკების პროცესი დაზიანდეს, ვახტანგ გომელაურმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ხელისუფლება გახელაძის ოჯახში დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს.
ოპოზიცია კი ხელისუფლებას დაგვიანებულ და არასაკმარის რეაგირებაში ადანაშაულებს. კრიტიკა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის, სადაც ირწმუნებიან, რომ გახელაძის საკითხი ყველა მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრის დღის წესრიგშია.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქვემოჭალელი ზაზა გახელაძე გასული წლის ივლისში ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. მოგვიანებით გახელაძეს ბრალი მკვლელობის მცდელობისთვისაც წაუყენეს. ის 11 თვეზე მეტია, უკანონო პატიმრობაში იმყოფება. დეფაქტო ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღვეთა მიუსაჯა. არაერთი დაპირების მიუხედავად, გახელაძის გათავისუფლება ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ შეძლო. ახლა ჯერი რუსეთის პატრიარქზეა – მიიღებს თუ არა ილია მეორის თხოვნას-იშუამგომლოს უკანონო პატიმრის გათავისუფლების პროცესში.