ოკუპანტი ქვეყნის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის პატიმრობა იყო დღეს პოლიტიკური განცხადებების თემა პარლამენტში, პლენარულ სესიაზე. ოპოზიცია მმართველ პარტიას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მათთვის მიუღებელია “ქართული ოცნების” “არ გაღიზიანების” პოლიტიკა რუსეთის მიმართ. ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქის პატიმრობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ოპოზიცია ითხოვს გახელაძის გათავისუფლებისთვის მთავრობამ უფრო აქტიურად იმუშაოს.
ზაზა გახელაძის პატირმობის გამო, ხელისუფლებას აკრიტიკებს “ევროპული საქართველოც”. პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, გიორგი კანდელაკმა “ქართულ ოცნებას” ოთხოზრია-ტატუნაშვილის სია შეახსენა. მისი თქმით, ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურად უნდა მოეთხოვა რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ეს, კანდელაკის შეფასებით, ოკუპანტების მიერ ჩვენი მოქალაქეების გატაცებების პრევენციას მოახდენდა.
“ქართული ოცნების” მისამართით გამოთქმული კრიტიკის ფონზე, მმართველი გუნდი უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხზე დღეს მხოლოდ იმას ამბობს, რომ მის ოჯახთან შესაბამის უწყებებს საკმარისი კომუნიკაცია აქვთ და ამ თემას ტელევიზიების ჩართულობა არ სჭირდება.
ოკუპანტი ქვეყნის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის ოჯახს დღეს პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილთან გახელაძის მამა იმყოფებოდა, რომელიც, მედიასთან ამბობს, რომ პრემიერისგან შვილის გათავისუფლებაზე ახალი არაფერი მოუსმენია.
ოკუპანტი ქვეყნის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის მშობლიურ სოფელში ხვალ აქცია გაიმართება. აქცია სიმბოლურია, რადგან 23 ივნისს გახელაძის დაბადების დღეა. აქციას პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ და ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” მართავენ, მათ უერთდება დაკავებულის ოჯახიც. ზაზა გახელაძე გასული წლის 11 ივლისს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.