საქართველში ე.წ. კომენდანტის საათი პირველი ივლისიდან უქმდება. გადაადგილებაზე შეზღუდვა ქვეყანაში უკვე რვა თვეა მოქმედებს. თუმცა, შეზღუდვა საზოგადოებრივ კვებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დაწესებულებასთან დაკავშირებით ისევ ძალაში რჩება. გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, კაფეები, ბარები, რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულებები მხოლოდ ღამის თორმეტ საათამდე იმუშავებენ. ღამის კლუბების ფუნქციონირება კი კვლავ შეზღუდული რჩება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, დღეიდან მოქალაქეებს ღია სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილება შეეძლებათ. პირბადის გამოყენება სავალდებულო გაჩერებებზე, დახურულ სივრცეში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ისევ იქნება. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, პირბადის ტარების აუცილებლობის მოხსნის ფონზე, ღია სივრცეში, მისი გამოყენება მიზანშეწონილი და რეკომენდირებულია.
შეზღუდვების შემსუბუქებას ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა. ნათია თურნავას მოლოდინი აქვს, რომ შეზღუდვების შემსუბუქება ეკონომიკის ზრდას გამოიწვევს. თურნავას თქმით, ყველაზე დიდხანს შეზღუდვა კლუბებზე გავრცელდა, რის გამოც მისივე განმარტებით, მათ დასახმარებლად მთავრობა გეგმას შეიმუშავებს. ეკონომიკის მინისტრი ვარაუდობს, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი იმაზე უკეთეს იქნება, ვიდრე ამის მოლოდინი იყო.
ქვეყანა ორ კვირაში მილიონ დოზა ვაქცინას ელოდება. საუბარია “ფაიზერის”, “სინოფარმის”, “სინოვაკის” და “ასტრაზენეკას” ვაქციენბზე, თუმცა ზუსტი ვადები და დოზები, ჯერჯერობით უცნობია. ჯანდაცვის უწყება კი ისევ ამტკიცებს, რომ ივლიდან მასობრივ ვაქცინაციაზე გადასვლა იგეგმება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ამერიკული “ნოვავაქსისა” და “ჯონსონ&ჯონსონის” ვაქცინები შემოდგომამდე არ იქნება.
28 000-მდე საეჭვო სიმპტომების მქონე ადამიანიდან კი კოვიდ დადებითი 914 აღმოჩნდა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.27%-ს შეადგენს, ახალი შემთხვევების ნახევრზე მეტი კი ისევ დედაქალქში ფიქსირდება. ეპიდემიოლოგები კი ე.წ. ინდური შტამის გამო დაავადების გავრცელების მორიგ პიკს აგვისტო-სექტემრის თვეში ელოდებიან. სპეციალისტები ეპიდაფეთქებას შარშანდელის მსგავსად კვლავ აჭარის რეგიონიდან ვარაუდობენ.