ტურისტული სეზონის ოფიციალურად გახსნამდე ერთი დღით ადრე, ბათუმში ექიმების, ტურიზმის სექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების საჯარო ვაქცინაცია დაიწყო. ისინი ჩინური წარმოების ვაქცინით, Sinovac-ით, იცრებიან. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვაქცინაციის მიღების საშუალება ეტაპობრივად ტურიზმის სექტორის ყველა წარმომადგენელს ექნება. ამ სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია თბილისში, ბათუმსა და თელავში მიმდინარეობს.
ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს მოუწოდებს, უფრო აქტიურად ისარგებლონ პრიორიტეტული ვაქცინაციის უფლებით.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 354 276 გახდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 936 პაციენტი. 14 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსისგან კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 060 პირი ემსხვერპლა.