ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ნინოწმინდის ბავშთა პანსიონში ძალადობას ამართლებს. ბოდბელი ეპისკოპოსისთვის ძალის გამოყენება იქ, სადაც ბევრი მოზარდი ცხოვრობს, გასაკვირი არ არის, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ძალის გამოყენება მისთვის მოსაწონი არ არის. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, თუ პანსიონში რაიმე დარღვევა იყო, სერიოზულად უნდა გამოიკვლიონ და დამნაშავები დასაჯონ. მიაჩნია, რომ პანსიონში ახლა სიმშვიდეა და აჟიოტაჟი მხოლოდ იმიტომ ატყდა, რომ არასამთავრობოებს გრანტები მოაკლდათ.
მეუფე იაკობმა მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა ყოფილ პრემიერის, გიორგი გახარიას მისამართით. ბოდბელმა ეპისკოპოსმა გიორგი გახარიას მხილება დააანონსა და თქვა, რომ ექსპრემიერი ეკლესიის საქმეებში ღიად ერეოდა და ამის დამალვას აღარ აპირებს. მეუფე იაკობის თქმით, გახარია ივანიშვილის პროექტი არ არის და ის არა კრიზისმენეჯერი, არამედ კრიზისმეიქერია. მეუფეს მიაჩნია, რომ ყოფილ პრემიერზე მისი მხრიდან ბევრი საუბარი გახარიასთვის ზედმეტი პატივია.
მეუფე იაკობს დღეს არც მიხეილ სააკაშვილი დავიწყებია. მას გაქცეული პრეზიდენტი უწოდა და ურჩია, ივანიშვილის გზას დაადგეს და პოლიტიკას ჩამოშორდეს. მეუფე იაკობმა სააკაშვილს ურჩია ბელადომანიას მოეშვას. მისივე თქმით, სააკაშვილმა თანამდებობაზე რომ დაენიშნათ, მოქალაქეობა დათმო. იაკობმა დღესვე თქვა, რომ თუ “ნაციონალურ მოძრაობას” წარმატება სურს, მეუფეს არ უნდა დაუპირისპირდეს.