31 გარდაცვლილი, COVID-19-ით ინფიცირებული ჯანდაცვის მინისტრი და სამხრეთ აფრიკული შტამის პირველი შემთხვევა – ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისევ რთულია.
საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის პირველი ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი დუბაიში მოგზაურობის ისტორიის მქონე საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძის თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უკვე სრულად განკურნებულია და მისი იზოლირება დროულად მოხდა. მისივე თქმით, კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი საზიანოა როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის და ის 50%-ით უფრო მეტად გადამდებია.
ბოლო 24 საათში ინფექციამ კიდევ 31 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. გასულ დღე-ღამეში გატესტილი 33 000-მდე ადამიანიდან COVID-19-ი 1233 პაციენტს დაუდგინდა. ქვეყანაში საკმაოდ ბევრია ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა. თუმცა, ექიმი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ ბავშვებში კოვიდი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.
ქვეყანაში მასიური და გაფართოებული ვაქცინაციის დაწყება ზაფხულის ბოლოსკენ იგეგმება. სწორედ ამ დროისთვისაა მოსალოდნელი ყველა დაგეგმილი დოზის მიღება. ივნისსში საქართველოში სხვადასხვა ვაქცინის 160 000 დოზა უნდა შემოვიდეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ზუსტდება ვადები, თუ როდის მიეწოდება საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინა. გასულ 24 საათში ქვეყანაში 5056 ადამიანი აიცრა, თუმცა სპეცილისტების თქმით, ეს რიცხვი 16 000-მდე უნდა გაიზარდოს. სრულად ვაქცინირებული ამ ეტაპზე 30 722 პირია.
გართულებული ეპიდმდგომარეობის ფონზე შეზღუდვების ნაწილი მსუბუქდება. ერთი საათით შემცირდა კომენდანტის საათი. გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა საღამოს 22:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე იმოქმედებს. დღეიდან საქართველო ხსნის სახმელეთო საზღვრებსაც. სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი ტურისტული და სატრანსპორტო ნაკადის მისაღებად მზადაა. დღეიდან მოქალაქეები გადაადგილებას შესაბამისი დოკუმენტაციების წარდგენის საფუძველზე უპრობლემოდ წითელი ხიდის გავლითაც შეძლებენ. საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით.
დღეიდან კვების ობიექტებთან მიმართებაში მოქმედი შეზღუდვაც იხსნება. კერძოდ, მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღონ. თუმცა, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი თუ სხვადასხვა სახის იუბილე.