გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციამდე ერთი დღერჩება. ხვალ ყოფილი პრემიერი მოსახლეობას ახალ გუნდს და ახალ პარტიას წარუდგენს.ყოფილი პრემიერის გუნდის წევრები ჯერ-ჯერობით არსაუბრობენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას “საქართველოსთვის” ერქმევა. დღესვე გაირკვა, რომ გახარიას გუნდს საქართველოს ყოფილი ელჩი ნატო-ში, ლევან დოლიძეც შეუერთდა. როგორც დოლიძე ამბობს, გახარიასთან ერთად ქვეყანაში პოლიტიკური რადიკალიზაციის დასრულება სურს. მისი თქმით, ყოფილი პრემიერის გუნდის დაფუძნებით ქვეყანაში ჩნდება შანსი, რომ არსებული პრობლემები გადაიჭრას.
ახალ პარტიას უერთდება ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი, გიორგი აბაშიშვილიც. ამის შესახებ ის სოცილურ ქსელ Facebook-ზე წერს და ამბობს, რომ მისი და გახარაის ხედვები ერთმანეთს ძალიან ემთხვევა. გიორგი გახარიას კიდევ ერთი თანაგუნდელი მიხეილ დაუშვილი ხვალინდელი პრეზენტაციის დეტალებზე არ საუბრობს, მათ შორის არც პარტიის დაფინანსების საკითხზე.
“გახარიას წარმატების მისაღწევად მაღალრეიტინგული და მაღალკვალიფიციური გუნდი უნდა ჰყავდეს, რასაც ვერ ვხედავ,” – ასეთია კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მოლოდინი ყოფილი პრემიერის ახალი პარტიის მომავალზე. წულუკიანი ამბობს, რომ გახარიას წარმატების მისაღწევად ძალიან ბევრი შრომა და ბევრი წინაღობის გადალახვა მოუწევს. მმართველ გუნდში დარწმუნებულნი არიან, რომ გახარიას ფაქტორი “ოცნების” საარჩევნო შედეგზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ გიორგი გახარიას ახალი პარტია საშიშროებას მხოლოდ “ქართული ოცნებისთვის” წარმოადგენს. ვინაიდან მათი თქმით, გახარიას ამომრჩეველი ძირითადად “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ან “ქართულ ოცნებაზე” განაწყებული ადამიანები იქნებიან. ხელისუფლების ოპონენტებს არ სჯერათ, რომ ყოფილი პრემიერი პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით დამოუკიდებელია.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა. მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა. ხვალ კი, “ქართული ოცნებიდან” დემარშით წასული პრემიერი ახალ პოლიტიკურ განაცხადს გააკეთებს.