17 გარდაცვლილი, 508 ინფიცირებული და 1481 გამოჯანმრთელებული – ასეთია კორონავირუსის ბოლო 24 საათის სტატისტიკა. გასულ დღე-ღამეში COVID-19-ზე საეჭვო სიმპტოემბის მქონე 25 000-მდე ადამიანი გაიტესტა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.09%-ს შეადგენს. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 340 838 გახდა. ხოლო პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფექციას 4 699 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება აცრილთა სტატისტიკას, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4300-მდე ადამინმა გაიკეთა. ქვეყნის მასშტაბით ჯამურად ჩატარებულია 125 601 აცრა. სრულად ვაქცინირებული კი 19 392 ადამიანია. სპეციალისტების თქმით, საყოველთაო ვაქცინაცია ზაფხულში დაიწყება და მომდვენო სამი თვე პანდემიასთან ბრძოლაში გადამწყვეტი იქნება.
ყველა ქვეყნისთვის ვაქცინების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სესიაზე. ეკატერინე ტიკარაძემ სიტყვით გამოსვლისას პანდემიის საფრთხეებზე დროული რეაგირების მნიშვნელობაზე და პანდემიის დაძლევისთვის აუცილებელ მექანიზმებზე ისაუბრა.
მსოფლიოში ყოველდღიურად ვაქცინაცია 30 მილიონამდე ადამიანს უტარდება, გამოყენებულია ვაქცინების 1.74 მილიარდი დოზა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 176 ქვეყანაში მიმდინარეობს. ყველაზე მეტი 546 მილიონი ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას აშშ მოჰყვება 289 მილიონი დოზით. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის, პრეპარატი „სოტროვიმაბი“ დაამტკიცა. მედიკამენტზე ჩატარებულმა კლინიკურმა ცდამ აჩვენა, რომ „სოტროვიმაბი“ ეფექტურია კორონავირუსის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური ვარიანტების წინააღმდეგაც. ის COVID-19-ის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობის დროს გამოიყენება.