თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას საქმის განხილვა 13 მაისს ჩაინიშნა, თუმცა დღის მეორე ნახევარში მხარეებს აცნობეს, რომ პროცესი გადაიდო. მიზეზი კი პროკურორის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. უგულავას წინააღმდეგ რიგით მერვე საქმე ამჯერად 2019 წლის 11 დეკემბერს, თბილისის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. უგულავა ამბობს, რომ აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, ხელისუფლების მოწყობილი პროვოკაცია იყო და ძიუდოისტი მას სწორედ ხელისუფლებამ მიუგზავნა. აეროპორტში მასზე თავდასხმა უგულავას შეფასებით, 20 ივნისის საქმეს უკავშირდება.
“მუსკულებს ათამაშებენ” – ასე ეხმაურება ციხიდან ახლადგამოსული ნიკა მელია გიგი უგულავას სასამართლო პროცესის ჩანიშვნას. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ, უგულავასთვის დაყენებული სტანდარტებისთვისაც კი წარმოუდგენელია, რომ ამ საქმეზე მისი პასუხისგებაში მიცემის საკითხი დადგეს.
პოლიტიკური გაყრის მიუხედავად, გიგი უგულავას სრულ მხარდაჭერას უცხადებს “ევროპული საქართველო”. გიგა ბოკერიას შეფასებით, მორიგი პოლიტიკური პროცესის ჩანიშვნა არის შეხსენება ყველა ოპოზიციონერისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონცენტრირება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაზე.
ოპოზიციის დიდი ნაწილისგან განსხვავებით უგულავას სასამართლო პროცესი უინტერესოა ალეკო ელისაშვილისთვის. პარტია “მოქალაქეების” ლიდერი უგულავას დეგრადირებულ და გაბანკროტებულ პოლიტიკოსს უწოდებს.
“ქართული ოცნება” კი ტრადიციულად ირწმუნება, რომ სასამართლო თავისი დღის წესრიგით მოქმედებს. მმართველი გუნდის რიტორიკა უცვლელია. ამბობენ, რომ სამართლებრივი საკითხების პოლიტიზაცია ოპოზიციის სპეკულაციის ნაწილია.
მოუწევს თუ არა გიგი უგულავას საპატიმროში დაბრუნება, უახლოეს პერიოდში გაირკვევა. აეროპორტში მომხდარი ინციდენტიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ, სასამართლო განხილვები იწყება.