საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ რთულია. ბოლო 24 საათში ჩატარებული 9535 ტესტიდან კორონავირუსით ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითიც დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 322 468-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ს კიდევ 24 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსით ჯამში 4 305 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ დედაქალაქშია. თბილისში COVID-19 300 ადამიანს დაუდასტურდა. მეორე ადგილზე 77 შემთხვევით აჭარაა, ხოლო მესამეზე სამეგრელო-ზემო სვანეთი, სადაც ინფიცირების 45 შემთხვევა დაფიქსირდა.
ეპიდემიოლოგიური ვითარების პარალელურად ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. დღეს ჩინური წარმოების “სინოფარმით” ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი აიცრა. მას ვაქცინაცია ხელვაჩაურის სამედიცინო ცეტრში ჩაუტარდა. მეუფე დიმიტრი აცხადებს, რომ პანდემიის დასასრულებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.
“სინოფარმის” ვაქცინით აიცრნენ ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები და თანამშრომლები. ვაქცინაციის პროცესს ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე. ქუთაისის მოხუცთა თავშესაფარი უსაფრთხოების დაცვისა და პრევენციის მიზნით კარანტინის რეჟიმზეა გადასული. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 10 მაისის მონაცემებით საქართველოში სულ 62 447 აცრაა ჩატარებული.