“ქართულ ოცნებასა” და ზურაბიშვილს შორის მორიგი უხერხულობის მიზეზი შესაძლოა ის კანონპროექტი გახდეს, რომლითაც წვრილმან ხულიგნობაზე სასჯელი იზრდება. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს რეზიდენციაში ყველა ის პარტია მოიხმო, რომელმაც მიშელის დოკუმენტს ხელი 2 კვირის წინ მოაწერა. ოპოზიციის წევრებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოთქვეს ვარაუდი, რომ ზურაბიშვილი ახალ კანონს ვეტოს დაადებს.
უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია ზურაბიშვილისგან კანონპროექტზე ვეტოს დადებას ითხოვს, თუმცა საბოლოოდ რას გადაწყვეტს პრეზიდენტი, ეს უცნობია. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებამდე 6 თვით ადრე სამოქალაქო აქტივისტების ამ ფორმით დაშინებას და საპროტესტო მუხტის ჩახშობას ცდილობს.
სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის იმედი ნაკლებად აქვთ იმ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში ციხეში უკვე არაერთხელ აღმოჩნდნენ. სამოქალაქო სექტორში ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” მიერ მართულია პირია, ამიტომ ის თავისივე პარტიას არ დაუპირისპირდება.
ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებზე პრეტენზიები, გაუგებარია “ქართული ოცნებისთვის”. მმართველი გუნდისთვის საუბარი აქტივისტების დევნაზე ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია. ამბობენ, რომ იმ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც სამოქალაქო პოზიციას კანონის დაცვით გამოხატავენ, პრობლემა არ შეექმნებათ.
დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენ პირს 1500-დან 2000- ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს, რაც ძველ ნორმაზე სამჯერ მეტია. 1500 ლარით იზრდება ჯარიმა პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლზე, იზრდება საპატიმრო დღეების რაოდენობაც. გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს და დაძლევს თუ არა მას პარლამენტი – ეს სულ რამდენიმე დღეში გაირკვევა.