ოპოზიციამ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება დაიწყო – თვითმართველობის არჩევნებამდე 6 თვით ადრე ოპოზიცია უკვე აქტიურად მსჯელობს თუ რა ფორმით უნდა მიიღონ მონაწილეობა რეფერენდუმად წოდებულ არჩევნებში. ოპოზიციის ერთი ნაწილი არ მალავს სურვილს, რომ თბილის მერობის საერთო კანდიდატი ნიკა მელია იყოს, თუმცა ოპოზიცია ერთსულოვანი არც ამჯერადაა. გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ თუ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს მხარს დაუჭერენ, ეს ოპოზიციას კიდევ ერთ მარცხს მოუტანს.
მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიებისთვის სამოქმედო გეგმასთან ერთად მსჯელობის მთავარ თემას ამნისტიის კანონპროექტი წარმოადგენს. “სტარტეგია აღმაშენებელის” ოფისში ხელმომწერი პარტიების შეკრებაზე გადაწყდა, რომ ამიერიდან საპარლამენტო მუშაობაში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან. მათი თქმით, ახლა მთავარი მიზანია, “ქართულმა ოცნებამ” ამნისტიის პროექტში ოპოზიციის მთავარი რეკომენდაციები გაითვალისწინოს.
ამნისტიის ორი რედაქცია პარლამენტში უკვე ინიცირებულია, თუმცა რომელ მათგანს დაამტკიცებს პარლამენტი, ეს სავარაუდოდ, 1 თვეში გახდება ცნობილი. მმართველი გუნდი ამბობს, რომ მათი კანონპროექტი უკვე შემდგარია, თუმცა არ არის გამორიცხული, ოპოზიციის მოთხოვნების შესაბამისად, მცირედით დაკორექტირდეს.
მიუხედავად იმისა, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელის მომწერი პარტიები დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ ამნისტია 20 ივნისის საქმის ჯალათებს არ შეეხებათ, ეს არგუმენტები ნაკლებად სარწმუნოა პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციისთვის. “ნაციონალური მოძრაობაში” ამბობენ, რომ ოპოზიციის ჩართულობა ამნსტიის პროექტის შემუშავებაში მინიმალურია, რადგან საბოლოო სიტყვას მაინც “ქართული ოცნება” იტყვის.
ამნისტიის პროექტში ბევრ ხარვეზებს ხედავენ 20 ივნისის აქციის ის მონაწილეები, რომლებმაც სამართალდამცველების გადამატებული ძალა საკუთარ თავზე გამოსცადეს. მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი, გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ ის და აქტივისტების დიდი ნაწილი მხარს ოპოზიციის მიერ ინიცირებულ პროექტს უჭერს.
ამნისტიის პროექტმა პარლამენტში გრძელი და რთული გზა უნდა გაიაროს. საბოლოოდ, საკანონმდებლო ორგანო იმ რედაქციას დაამტკიცებს, რომელიც სამი მოსმენით 76 ხმას დააგროვებს. ახლა მთავარი კითხვაა – დადგება თუ არა ამნისტიის პროექტის გარშემო არსებული უთანხომების გამო მიშელის დოკუმენტის განხორციელება საფრთხის ქვეშ.