პოლიტიკური კრიზისის მეექვსე თვეს შეთანხმება მიღწეულია – ხანგძლივი და რთული მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს და პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს. დოკუმენტი, რომელიც პარტიების გამაერთიანებელი უნდა გამხდარიყო, ისევ აზრთა სხვადასოხვაობის მიზეზია. ხელმოწერის საზეიმო ღონისძიებაზე არ მივიდა და შეთანხმებაზე უარი განაცხადა ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ მათი გუნდის ხელმოწერა მიშელის დოკუმენტზე მხოლოდ მაშინ იქნება, როცა ნიკა მელია ციხეს დატოვებს.
“ნაციონალური მოძრაობის” გარდა დოკუმენტზე არ დაფიქსირდა “ევროპული საქართველოს” და “ლეიბორისტული პარტიის” ხელმოწერებიც. მათი თქმით, მიშელის დოკუმენზტე ხელის მოწერა თავის მოტყუებაა, რადგან მას არსებული ვითარების რეალური განმუხტვა არ შეუძლია. ოპოზიციური პარტიებისთვის ისევ პრობლემურია ტექსტის ის ნაწილი, სადაც ვადამდელი არჩევნების საკითხი ნდობის 43%-იან მაჩვენებელზე არის მიბმული.
მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელმოწერისგან თავი შეიკავა, ელჩებისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის გვერდით მაინც იდგა სალომე სამადაშვილი. სამადაშვილმა გადაწყვიტა დოკუმენტზე ხელი ინდივიდუალურად, პარტიის გარეშე მოეწერა, რის გამოც ის კრიტიკის სამიზნე გახდა. გვიან ღამით კი მან Facebook-ზე განცახდება გამოაქვეყნა და ამ ეტაპზე პარტიიდან ჩამოშორების გადაწყვეტილება მიიღო.
სამადაშვილის პიროვნული პოზიცია გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა “ნაციონალური მოძრაობისთვის”. პარტიის წევრებს ტელეეთერით ნანახი ის კადრები არ მოეწონათ, სადაც სამადაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის გვერდით იდგა და მას გაწეული საქმისთვის მადლობას უხდიდა. ზაალ უდუმაშვილის თქმით, თუ სამადაშვილი პარტიას თავისი ნებით დატოვებს, მაშინ მისი გარიცხვის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება.
მიშელის დოკუმენტს უერთდებიან და ხელს აწერენ “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი -მეტი თავისუფლება”, “რესპუბლიკელები”, “მოქალაქეები” და იაგო ხვიჩიას “გირჩი”. დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დატოვა დავით ბაქრაძემაც, რომელიც საპარლამენტო მანდატით სარგებლობას აპირებს. პარტიები რომლებმაც ბოიკოტი შეწყვიტეს, ამბობენ, რომ საპარლამენტო მუშაობას მას შემდეგ შეუდგებიან, რაც “ქართული ოცნება” პოლიტპატიმრების გამოშვების პროცედურას დაიწყებს.
ოპოზიციასთან შეთანხმებას მიესალმება მმართველი პარტია, რომელიც გუშინ მთელი დღის განმავლობაში ფიქრობდა, დათანხმებოდა თუ არა მიშელის მიერ წამოყენებულ პირობებს. დიდი პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ “ქართული ოცნება” იმ ოპოზიციურ პარტიებს აკრიტიკებს, რომლებმაც მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავი შეიკავეს. მმართველი პარტიის წევრების შეფასებით “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ 2 ოპოზიციური ძალა ისევ სიტუაციის რადიკალიზაციას ცდილობს.
გაიზრდება თუ არა ოპოზიციური პარტიების ხელმოწერები მიშელის დოკუმენტზე. 8 გვერდიან შეთანხმებაში საუბარია ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე, იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივ არჩევნებზე “ოცნება” 43%-ზე ნაკლებს აიღებს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მმართველი გუნდი იღებს პასუხისმგებლობას 1 კვირის ვადაში ამნისტიით ან რაიმე სხვა ფორმით ციხიდან გამოუშვას ნიკა მელია. დოკუმენტის ტექსტი ასევე მოიცავს სასამართლო და სარჩევნო რეფორმას, ასევე პარლამენტში ძალთა ბალანსის აღდგენას.