ოპოზიციამ რეგიონული ტურნე დაიწყო – ოპოზიციური ერთობის პირველი გაჩერების ადგილი დღეს კახეთია, სადაც ლიდერები მოსახლეობას ხვდებიან და მათ მთავარ გზავნილს აცნობენ. ხელისუფლების ოპონენტების მიზანია დაარწმუნონ ყველა, რომ ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამოსავალი ახლა ვადამდელ არჩევნებზე გადის, ამიტომ აუცილებელია 15 მაისს პარლამენტის წინ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიკრიბოს.
ოპოზიციის ლიდერები კახეთში გამგზავრებამდე დღეს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ხანგძლივი, თუმცა მასშტაბური მოგზაურობა დაანონსეს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ მოლაპარაკებების მაგიდის სამჯერ აყირავება იმის დასტურია, რომ “ოცნებას” ხალხის პროტესტის გარდა არაფრის და არავისი ეშინია. ამბობენ, რომ 15 მაისს ქვეყნის მთავარ გამზირზე “ოცნების” გუნდი დაინახავს, რომ ძალა ხალხშია, ხალხს კი სამართლიანი არჩევნებით არჩეული პარლამენტი სურს.
მასშტაბურ აქციამდე ზუსტად 1 თვით ადრე ოპოზიციამ აქტიური მზადება დაიწყო, თუმცა მათი გეგმები “ქართული ოცნების” წევრებისთვის ღიმილის მომგვრელი აღმოჩნდა. საპარლაემნტო უმრავლესობა, რომელმაც ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უკვე მეექვსე თვეა ვერ დაითანხმა, ამბობს რომ ეს ყველაფერი დროის კარგვაა და ხალხთან შეხვედრები ოპოზიციას სასურველ შედეგებამდე მაინც ვერ მიიყვანს.
სანამ ოპოზიციის წევრები ქვეყნის ყველა რეგიონში ჩავლენ, ჯერ კიდევ ღია რჩება მოლაპარაკებების ფანჯარა, რომელიც შესაძლოა თვის ბოლოსთვის განახლდეს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე მათი პირობები არ იცვლება და ჩამონათვალში პირველ ორ ადგილს ისევ ვადამდელი არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა იკავებს.
მოლაპარაკებებისთვის მზაობას გამოთქვამენ მმართველ გუნდშიც, თუმცა იმ დათქმით, რომ “ოცნება” ვადამდელი არჩევნების თემას არ გადახედავს. უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა აუცილებელია ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ სახელწმიფოებრივად იფიქროს და საპარლამენტო მუშაობას დაბრუნდეს.
არ არის გამორიცხული, უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებების პროცესში ჩართული მედიატორთა რიცხვი გაიზარდოს. თვის ბოლოს საქართველოს, სავარაუდოდ, რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა