გათავისუფლდება თუ არა პატიმრობიდან ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი. ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 2 დღეში გაიმართება. არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ ოპოზიციონერი ლიდერის პატიმრობაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. იურისტები სასამართლოს დამოუკიდებელი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ.
სასამართლოს გადაწყვეტილების პროგნოზირება უჭირს ოპოზიციას. ფიქრობენ, რომ მოსამართლე ისევ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა მათივე შეფასებით, მხოლოდ ნიკა მელიას გათავისუფლებით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ვერ ამოიწურება.
მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ სასამართლო ნიკა მელაის საქმეზე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. “ქართული ოცნების” წევრები ამბობენ,რომ სასამართლო პროცესზე მიღებული გადაწყვეტილება მოლაპარაკების პროცესში რაიმეს შემცვლელი ვერ გახდება. უმრავლესობის პოზიცია ისევ უცვლელია. ისინი იხსენებენ მოლაპარაკების მაგიდასთან გაჟღერებულ წინადადებას, რომ თუ მელია გირაოს გადაიხდიდა, ხელისუფლება პოლიტიკური ამნისტიის საკითხს განიხილავდა.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა. ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის აქვს წარდგენილი. თავდაპირველად, მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა და ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურს ატარებდა, რომელიც მან დემონსტრაციულად 2020 წლის 1 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე საჯაროდ მოიხსნა. სწორედ ამ ფაქტის გამო აღმოჩნდა მელიას საპატიმროში. მას შემდეგ, რაც მელიამ პროკურატურას გირაოს გადახდაზე უარი უთხრა, 23 თებერვალს ის სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა. გადაისინჯება თუ არა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ცნობილი 8 აპრილს გახდება.