ქვეყანაში ეპიდვითარება ისევ მძიმდება. ეპიდემიოლოგები მესამე ტალღაზე ალაპარაკდნენ და არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს. სპეციალისტების განცხადებით, ახალი კლასტერების ჩამოყალიბება კვლავ დიდ თავშეყრებს – ქორწილებსა და ქელეხებს უკავშირდება. მოუწევს თუ არა გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე მთავრობას კვლავ მკაცრი შეზღუდვების დაწესება, უახლოეს პერიოდში გაირკვევა. ჯანდაცვის მინისტრის, განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე მიიღებს.
სპეციალისტები მოსახლეობას მიმართავენ და ურჩევენ, რომ აღდგომის დღესასწაულზე თავშეყრის ადგილებს მოერიდონ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში კლინიკური რესურსის დეფიციტის პრობლემა არ დგას.
კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატებისა და კლასტერების შექმნის გამო, საქართველოს რამდენიმე რეგიონში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. მათ შორის არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ორსანტია, სადაც უკვე მესამე დღეა მასობრივი ტესტირება და თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგებმა საჯარო სკოლის მონიტორინგიც დაიწყეს.
გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე საქართველოში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. აცრა უკვე შეუძლიათ 55 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს, ასევე დიალიზზე მყოფ და ორგანო გადანერგილ პაციენტებს. საქართველოშია უკვე ჩინური ვაქცინა “სინოფარმიც”. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პრეპარატის სანდოობასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. როდის დაიწყება ჩინური ვაქცინით აცრის პროცესი ჯერ-ჯერობით უცნობია. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ თარიღთან დაკავშირებით ვაქცინაციის საბჭო იმსჯელებს. ასევე ელოდებიან ჯანმოს გადაწყვეტილებასაც, რომელმაც “სინოფარმის” ვაქცინა აპრილის შუა რიცხვებში უნდა დაარეგისტრიროს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში კიდევ ერთი ვაქცინა “სინოვაკი” შემოვა, რომელსაც ჩინეთის მთავრობა ქვეყანას უსასყიდლოდ გადასცემს. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ეპიდემია იმ შემთხვევაში დასრულება, თუკი მოსახლეობის 60% აიცრება.
ქვეყანაში ამ ეტაპზე სულ 11 603 ადამიანია აცრილი. მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები მოსახლეობას პირბადის ტარებას, დისტანციის დაცვას და ვაქცინაციის აუცილებლობას ახსენებენ.