საქართველოდან გაძევებულ რუს ჟურნალისტს, ვლადიმირ პოზნერს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება ე.წ. სამხრეთ ოსეთში ეპატიჟება. სააგენტო „რესი“ ე.წ პრეზიდენტის პრესმდივნის, დინა გასიევას განცხადებას ავრცელებს, რომლშიც ის ამბობს, რომ მათ არ სურთ თბილისში მომხდარი სკანდალი ნეგატიურად აისახოს მთლიანად კავკასიის სტუმართმოყვარეობაზე, რის გამოც სამხრეთ ოსეთი ვლადიმირ პოზნერს სიხარულით ეპატიჟება.
“საქართველოში ტურისტები საფრთხეში პირველად არ ჩავარდნილან და ეს პირველ ყოვლისა, რუსეთიდან ჩასულებს ეხება” – აცხადებს დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანი. მანამდე, ვლადიმირ პოზნერი აფხაზეთში მიიწვია დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.
რუსეთის “პირველი არხის” ტელეწამყვანი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, თუმცა საპროტესტო აქციების გამო იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. 31 მარტს, ღამით სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პროტესტი მწვავე ფორმებით გამოხატეს. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.