“რუსებმა ცხადად უნდა გაიგონ, რომ საქართველოში მოგზაურობა მათთვის უსაფრთხო არ არის,” – ასეთია კრემლის პოზიცია რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტის გამო განვითარებული მოვლენების შემდეგ. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საქართველოში წასვლა უბრალოდ საშიშია და რუსებმა ეს კარგად უნდა გაიგონ. მისი თქმით, კრემლი მკაცრად გმობს საქართველოს დედაქალაქში „ექსტრემისტი ნაციონალების მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს“. ამასთანავე პესკოვი ამბობს, რომ კრემლი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღვანდელ განცხადებას, რომელმაც აქტივისტების ქმედებები დაგმო.
“ზურმუხტქალაქისკენ რთული გზებით მივდივართ,” – ეს განცხადება კი რუსეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ გააკეთა, რომელიც პოზნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებულ მოვლენებს სოციალუირ ქსელში გამოეხმაურა. ზახაროვა Facebook გვერდზე წერს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დემოკრატიის გზები არაცივილიზებულია.
ვლადიმირ პოზნერის და მისი სტუმრების თბილისიდან გაძევებას გამოეხმაურა დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინიც. მისი თქმით პოზნერთან დაკავშირებული ინციდენტი აჩვენებს, რომ საქართველო ღრმა კრიზისშია და რუსი მოქალაქეებისთვის იქ ყოფნა სახიფათოა. ვოლოდინი გუშინდელ ინციდენტს 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებს ადარებს და ამბობს, რომ ანალოგიური მოხდა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიმართაც.