მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით, მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა წინამძღვრობიდან გათავისუფლდა. მონაზონი ამბობს, რომ ის კითხვების გამო დაისაჯა. დედა სოსანა ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მიერ პატრიარქისადმი გაჟღერებული ბრალდებებით დაინტერესდა.
მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მეუფეს მოთხოვნაც, რომლის მიხედვითაც მას საქართველოს პატრიარქი ლოცვებში უნდა მოეხსენიებინა. ხმაურიანი თათბირის ამსახველი ვიდეო მასალა ჭყონდიდის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის ეპარქიას წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ახალი მმართველი ჰყავს, მარტვილის ეპარქიაში სიტუციაცია ვერ ლაგდება. პეტრე ცაავას მრევლის ნაწილი ახალ მიტროპოლიტს უნდობლობას უცხადებს. მეუფე სტეფანე კი ეპარქიის დატოვებას არ აპირებს. უფრო მეტიც, ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა 10 სასულიერო პირს – 6 მონაზონსა და 4 მორჩილს, ზიარება აუკრძალა. ჭყონდიდის მიტროპოლიტის მიერ გამოცემულ ბრძანებაში ზიარების აკრძალვის მიზეზად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების მცდელობა და დაუმორჩილებლობის ქმედებებში მონაწილეობა სახელდება.