რა გახდა ახალციხეში 27 წლის ექთნის გარდაცვალების მიზეზი. ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც უნდა დააგინოს გაეწია თუ არა ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მეგი ბაქრაძეს სათანადო სამედიცინო დახმარება. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, რომ კვლევები არ დასრულებულა და შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის.
პარალელურად, საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობენ მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები. მათი მტკიცებით, გარდაცვლილის ტელეფონში მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება. არსებობს სამსახურებრივ ჩატში მიმოწერაც, სადაც გარკვეული პირები ამბობენ, რომ მათ იციან მეგის გარდაცვალების რეალური მიზეზი. ადვოკატები ფიქრობენ, რომ ტელეფონი შესაძლოა, საქმის მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდეს. გაჩნდა ვარაუდი, რომ მეგი ბაქრაძე ახალციხის კლინიკიდან უკვე გარდაცვლილი გაიყვანეს.
ადვოკატების ვერსიას პასუხობენ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ლევან რატიანის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ექთანი მეგი ბაქრაძე მათ კლინიკაში მიყვანის დროს გარდაცვლილი იყო, სიმართელს არ შეესაბამება. მისივე ინფორმაციით, მეგი ბაქრაძის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას კრიტიკული იყო, თუმცა, გულისცემა და არტერიული წნევა შესაბამისი პრეპარატებით ნარჩუნდებოდა.
მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატების თქმით, ახალციხის კლინიკაში შედგენილ ფორმა 100-ში ვაქცინაციის რეალური დრო არ არის მითითებული. ამბობენ, რომ ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამედიცინო დოკუმენტს, ამიტომ თვლიან, რომ გამოძიება დოკუმენტის შესაძლო გაყალბების საქმეზეც უნდა დაიწყოს.
მეგი ბაქრაძის საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მედპერსონალის გამოკითხვას აგრძელებს და სამედიცინო დოკუმენტაციას ინტენსიურად სწავლობს.
ექთნის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის ობიექტურ დასკვნას ელოდება სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ აუცილებელია, დადგინდეს, რა ხარვეზები აქვს სისტემას.
27 წლის ექთანი 19 მარტს გარდაიცვალა. ახალციხის კლინიკა “იმედში” მეგი ბაქრაძეს ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის თბილისში, გადმოიყვანეს და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.