კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ერთ წლის თავზე, მოსახლეობას კვლავაც ეკონომიკური და ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს – საერთაშორისო ორგანიზაცია NDI ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. როგორც კვლევიდან ირკვევა, მოსახლეობა კორონავირუსის აცრის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. გამოკითხულთა 53% ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს, მხოლოდ 35% ფიქრობს, რომ აიცრებოდა, 12%-მა საერთოდ არ იცის – უნდა თუ არა აცრა. აცრის მოწინააღმდეგებიდან – 48% მიზეზად ვაქცინის ხარისხს ასახელებს. 20 % კი ფიქრობს, რომ პანდემიას ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდება.
NDI-ის მიერ გამოკითხული მოქალაქეები მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებენ, ასეთი გამოკიტხულთა 68%-ია. გამოკითხულთა უმრავლესობა, 50% , ფიქრობს, რომ კორონავირუსის საპასუხოდ მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკური გეგმა ეფექტურია.
NDI-ის ახალი კვლევით, გამოკითხულთა 13%-მა პანდემიის დაწყების შემდეგ სამსახური დაკარგა და ამ დრომდე უმუშევარია, ხოლო 12% ამბობს, რომ სამსახური არ დაუკარგავს, თუმცა შემოსავალი შეუმცირდა.
NDI-ის კვლევით, გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 25%-ს კი მიაჩნია, რომ სწორი მიმართულებით მიდის, ხოლო 22% ფიქრობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.
კვლევა პარლამენტის საქმიანობასაც ეხება. კითხვაზე: “როგორ აფასებთ პარლამენტის საქმიანობას” – პასუხები ასე გადანაწილდა: ცუდად 36%, საშუალოდ 38%, კარგად 14%
კვლევაში მოხვდა პარტიების რეიტინგებიც. გამოკითხულტა 40%-ის აზრით მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. 23%-სთვის მათ შეხედულებებთან “ქართული ოცნებაა”. 7%-სთვის – “ნაციონალური მოძრაობა”, ასევე 7%-სთვის კი სხვა პარტიები. პასუხზე უარი განაცხადა 14 %-მა, ხოლო კითხვაზე პასუხი 8%-მა არ იცის.
NDI-მ კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩაატარა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.